LIVE

X-მა ახალი მომხმარებლებისთვის წლიურ $1-იანი საკომისიო დააწესა

18 ოქტ 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 284
X-მა ახალი მომხმარებლებისთვის წლიურ $1-იანი საკომისიო დააწესა

ახალ ზელანდიასა და ფილიპინებში X-ის (ყოფილი Twitter) ახალი ანგარიშის შესაქმნელად, მომხმარებლებს საკომისიოს - წელიწადში $1-ის გადახდა მოუწევთ. ცვლილება ილონ მასკის კუთვნილ პლატფორმაზე უკვე ამოქმედდა.

გადასახადის გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი განაგრძობს აქამდე უფასო ფუნქციების გამოყენებას, როგორიცაა ტვიტის განთავსება, სხვისი პოსტის საკუთარ გვერდზე გაზიარება ანუ „რეტვიტი“ და პასუხის გაცემა. აპლიკაციის უფასო ვერსიაში, მომხმარებლები მხოლოდ პოსტების წაკითხვას, ვიდეოების ყურებასა და სხვების ანგარიშების ნახვას შეძლებენ. ახალ ანგარიშებს მობილური ნომრის ვერიფიცირებაც მოეთხოვებათ.

X აცხადებს, რომ გადასახადის დაწესების მთავარი მიზანი ბოტებისა და სპამების შემცირებაა. თუმცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა $44 მილიარდად შეიძინა კომპანია, მისი შემოსავლები მუდმივად იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა კომპანიის ფინანსური ინტერესი, თავად მასკიც ამ გადასახადს ბოტებთან ბრძოლის ეფექტურ გზას უწოდებს.

„ბოტების შექმნა ერთი პენი ღირს, თუმცა თუ ვინმეს რამდენიმე დოლარის თანხის გადახდა მოუწევს, ბოტების ეფექტურობის ღირებულება ძალიან გაიზრდება“, - განაცხადა მასკმა ადრინდელ ინტერვიუში.

X-ზე გადასახადების დაწესება მომხმარებელთა შემცირების დიდ რისკებს წარმოქმნის. თავის მხრივ, ეს იმოქმედებს რეკლამიდან მიღებულ შემოსავალზე, რაც ამჟამად კომპანიის მთლიანი შემოსავლის დიდ ნაწილს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში უკვე მოქმედებს X-ის სხვა, უფრო ძვირიანი Premium პაკეტი, რომელიც მომხმარებლებს ვრცელი პოსტების განთავსებასა და ხილვადობის გახანგრძლივების საშუალებას აძლევს. ამ მომსახურების ფასი აშშ-ში თვეში $8-ია, თუმცა კომპანიის თქმით, ფასი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.