LIVE

უკრაინა ხარკივში პირველ მიწისქვეშა სკოლას ააშენებს

03 ოქტ 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 333
უკრაინა ხარკივში პირველ მიწისქვეშა სკოლას ააშენებს

უკრაინა ხარკივში ქვეყნის პირველ მიწისქვეშა სკოლას ააშენებს. ხარკივის მერის განცხადებით, მიზანი რუსეთის ხშირი საჰაერო თავდასხმებისგან მოსწავლეების დაცვაა. 

"მსგავსი თავშესაფარი საშუალებას მისცემს ათასობით ხარკოველ ბავშვს, უსაფრთხოდ გააგრძელონ განათლების მიღება საჰაერო თავდასხმების დროსაც კი,"- წერს ხარკივის მერი, იგორ ტერეხოვი ტელეგრამზე.

ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ რა სიდიდის იქნება სკოლა და როდის გაიხსნება იგი. 

უკრაინის რამდენიმე რეგიონში, რომელიც უშუალოდ ფრონტის ხაზთან აღმოჩნდა, სკოლებმა სწავლის პროცესი ონლაინ სივრცეში გადაიტანეს. მიუხედავად ამისა, ხარკივმა მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებამდე ქალაქის მეტროსადგურებში 60-მდე კლასი შექმნა, სადაც განათლებას 1 000-ზე მეტი ბავშვი იღებს. 

ხარკივი უკრაინის მეორე ყველაზე დიდი ქალაქია და მისი მოსახლეობა ომის დაწყებამდე 1.4 მილიონ ადამიანს შეადგენდა. ქალაქის ნაწილი რუსეთის საზღვრიდან 35 კილომეტრის მანძილზეა, რის გამოც იგი ხშირი თავდასხმების სამიზნე ხდება. 

უკრაინის განათლების მინისტრის განცხადებით, ომის შედეგად ქვეყანაში 363 საგანმანათლებლო ინსტიტუტი განადგურდა, 3 800-ზე მეტი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.