LIVE

სებ-ის მხრიდან დამატებითი/ინდივიდუალური მითითება არ გაიცემა - თურნავა სანქციებზე

03 ოქტ 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 683
სებ-ის მხრიდან დამატებითი/ინდივიდუალური მითითება არ გაიცემა - თურნავა სანქციებზე

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, სანქციების რეჟიმების ცვლილების, მათ შორის, სანქციადაკისრებულ პირთა სიის განახლების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დამატებითი/ინდივიდუალური მითითება არ გაიცემა.

პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ, ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფინანსურმა ინსტიტუტმა თავად უნდა შეაფასოს სანქციების დარღვევის/გვერდის ავლის რისკი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელებასა და სხვა ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. 

„საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის 26 თებერვლის მითითებით საქართველოში მოქმედ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს დაევალათ დაიცვან რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები. აღნიშნული რეჟიმები მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის (USA, EU, UK) მიერ დაწესებულ სანქციებს. აღნიშნული მითითებით გათვალისწინებული და სანქციებთან დაკავშირებით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ ვალდებულებები ასევე განსაზღვრულია „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით, რომელიც ამოქმედდა მიმდინარე წლის 9 აგვისტოდან. ამდენად, აღნიშნულ სანქციათა რეჟიმების ცვლილების, მათ შორის, სანქციადაკისრებულ პირთა სიის განახლების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დამატებითი/ინდივიდუალური მითითება არ გაიცემა. 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასება უნდა მოახდინოს თავად ფინანსურმა ინსტიტუტმა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელებასა და სხვა ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს ნათია თურნავა აწერს. 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატი რომან გოცირიძე დაინტერესდა მოასწრო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ აშშ-სგან სანქციის დაწესების დღიდან (14 სექტემბერი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშების დაბლოკვამდე, თანხების გამოტანა ნაღდი ფულის სახით ან საზღვარგარეთ გადარიცხვა?

გოცირიძემ ასევე იკითხა შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ ოთარ ფარცხალაძემ ანგარიშების დაბლოკვის შემდეგ ერთ-ერთი ქართული კომერციული ბანკიდან ფული გადარიცხა „ბანკი ქართუში“ და ხდება თუ არა ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული ფაქტის შესწავლა?

დეპუტატის კითხვის ამ ნაწილს ნათია თურნავა პასუხობს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე, მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 

ინფორმაციისთვის, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. თანამდებობას ტოვებს სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც.