LIVE

რა უჯდება ბიუჯეტს მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები

02 ოქტ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 680
რა უჯდება ბიუჯეტს მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები

კამპანია Starring Georgia-ზე, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73,2 მილიონი ლარი იხარჯება.

როგორც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, აღნიშნული თანხა, რომელიც მოიცავს არტისტების ჰონორარებს და ღონისძიებებთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს, შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო.

„2022 წელს შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ მიიღო 73,2 მლნ ლარი 2023-2024 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით. აღნიშნული თანხა მოიცავს, როგორც არტისტების ჰონორარებს, ასევე ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს“,- ნათქვამია დოკუმენტში.

Starring Georgia-ს ფარგლებში უკვე გაიმართა The Killers-ის, Imagine Dragons-ის და Bruno Mars-ის კონცერტები.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანა გასულ წელს დააანონსა. ღარიბაშვილი ამბობდა, რომ კონცერტისთვის ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 70 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა, საიდანაც 28 მილიონ ლარამდე მხოლოდ 2023 წლის ღონისძიებებზე იქნებოდა მიმართული.  

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა ამ ღონისძიებებით, წელს 150 მილიონ ლარამდე შემოსავალს მიიღებს.