LIVE

ღარიბაშვილი ფარცხალაძის საქმეზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი

28 სექ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 252
ღარიბაშვილი ფარცხალაძის საქმეზე: ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარცხალაძის საქმეზე "ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი." მისივე თქმით, ფარცხალაძე არ არის ოლიგარქი, მას არ აქვს რაიმე გავლენა საზოგადოებაზე და მას არასდროს უმოქმედია სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

"ოთარ ფარცხალაძე ათ წელზე მეტია, აღარ არის საჯარო მოხელე. ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური. გაუგებარი, პირველ რიგში, მინდა ვთქვა და მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, აუხსნელია პირადად ჩემთვის; მე ამის თაობაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. 

ნათქვამია, რომ ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი...ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და მე ერთი რამ მინდა განმასხვავებელი გითხრათ: ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის არის ჩემ თვალში მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი. ჩემთვის, სამსახურებისთვის და სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი., რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი.

მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ (სანქცირება) კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება?! აუცილებელი არის, რომ ჩვენ გადაწყვეტილება ბრმად არ მივიღოთ...ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მე მგონი ეს დასამალი არ არის, ყველამ იცის. რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე?!" - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ. 

საყურადღებოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი.