ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ იმატებს. დღეს ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე $97.36-ს მიაღწია, ხოლო West Texas Intermediate (WTI)-ის ფასმა $94.51 შეადგინა.
ბოლო კვირებში ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებას უკავშირდება. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, დღეს ნავთობის გაძვირებაზე აშშ-ში მარაგების კრიტიკულ დონემდე დაცემამ იმოქმედა.
ოკლაჰომაში კუშინგის შემნახველ ტერმინალზე მარაგები 22 მილიონ ბარელზე დაბლა დაეცა, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ახლოსაა საოპერაციო მინიმუმთან. ამის გამო, ცოტა ხნით WTI-ის ფასმა $95-საც გადააჭარბა, რაც 2022 წლის აგვისტოს შემდეგ, ყველაზე მაღალი ფასია.
გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, აშშ-ის მთლიანი მარაგები მოსალოდნელზე მეტად შემცირდა.
იმ ფონზე, როცა აშშ-სა და ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა მდგრადია, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიწოდებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, მეოთხე კვარტალში ფასები უფრო მეტად გაიზრდება.