
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს იცავენ და მომავალშიც დაიცავენ.
"ვრჩებით საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში. საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაშია ჩვენი ყველა ოპერაცია, რასაც გავაკეთებთ და ვაკეთებდით", - აცხადებენ თიბისი ბანკში, სადაც განმარტავენ, რომ ბანკი სანქცირების საფრთხის წინაშე არ დგას.
აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციების შესაბამისობაში დარჩენას გეგმავენ საქართველოს ბანკშიც.
"გავაგრძელებთ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას. ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ლიბერთი ბანკში აღნიშნავენ, რომ ბანკი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სანქციებთან. ამასთან, ის ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას.
"სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას.
სს ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას", - ნათქვამია ლიბერთი ბანკის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების საპასუხოდ, პროკრედიტ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკი საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს მუდმივად შეესაბამება.
"ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება", - აცხადებენ პროკრედიტ ბანკში.
ბაზისბანკში აცხადებენ, რომ ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის პროცესში, საერთაშორისო სანქციებს იცავენ.
როგორც "ბიზნეს ფორმულას" ბაზისბანკში განუცხადეს, ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.
"ბაზისბანკი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში", - აცხადებენ ბაზისბანკში.
სანქციების მოთხოვნების შესაბამისად აპირებს საქმიანობას ტერაბანკიც.
"ტერაბანკი საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებს", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფნას კრედო ბანკიც განაგრძობს.
"კრედო ბანკის აქციონერები არიან ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ინსტიტუციები, შესაბამისად კრედო ბანკი განაგრძობს საქმიანობას აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში", - ნათქვამია კრედო ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის გუშინდელი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ერთი დღით ადრე, 18 სექტემბერს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
დღეს ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დატოვა. ამის შესახებ მათ, გადადგომის მიზეზის დასახელების გარეშე, Facebook-ზე დაწერეს.