LIVE

ProCredit Bank: შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება

20 სექ 202313:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 601
ProCredit Bank: შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ProCredit Bank-ში აცხადებენ, რომ ბანკი საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს მუდმივად შეესაბამება. ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" ProCredit Bank-ში განუცხადეს. 

"ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება", - აცხადებენ ProCredit Bank-ში. 

დღესვე თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას გეგმავენ. ლიბერთი ბანკში ასევე განმარტავენ, რომ ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან. 

ეროვნული ბანკის გუშინდელი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.  

ერთი დღით ადრე, 18 სექტემბერს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.  

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.