LIVE

ბაზისბანკში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს იცავენ

20 სექ 202314:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 379
ბაზისბანკში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს იცავენ

ბაზისბანკში აცხადებენ, რომ ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის პროცესში, საერთაშორისო სანქციებს იცავენ.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" ბაზისბანკში განუცხადეს, ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში. 

"ბაზისბანკი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმოს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში", - აცხადებენ ბაზისბანკში.

დღესვე თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას გეგმავენ. ლიბერთი ბანკში ასევე განმარტავენ, რომ ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან.  

ეროვნული ბანკის გუშინდელი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.   

ერთი დღით ადრე, 18 სექტემბერს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.   

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.