
თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების დაცვის გაგრძელებას გეგმავენ. ამის შესახებ ორივე ბანკმა "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა.
"ვრჩებით საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში. საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაშია ჩვენი ყველა ოპერაცია, რასაც გავაკეთებთ და ვაკეთებდით", - აცხადებენ თიბისი ბანკში, სადაც განმარტავენ, რომ ბანკი სანქცირების საფრთხის წინაშე არ დგას.
ამავდროულად, თიბისი ბანკში არ აკონკრეტებენ, აქვს თუ არა ოთარ ფარცხალაძეს ბანკში ანგარიშები.
აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციების შესაბამისობაში დარჩენას გეგმავენ საქართველოს ბანკშიც.
"გავაგრძელებთ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას. ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. ეროვნული ბანკის 18 სექტემბრის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, შეეზღუდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა გუშინ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.