LIVE

ნამჩავაძე კობახიძის განცხადებაზე: ეს არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე

19 სექ 202313:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 351
ნამჩავაძე კობახიძის განცხადებაზე: ეს არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე

"ირაკლი კობახიძის განცხადება უკვე არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე და ასევე, კომერციულ ბანკებზე",- ამის შესახებ ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ "ფორმულას" ირაკლი კობახიძის მიერ ეროვნული ბანკის კრიტიკასთან დაკავშირებით განუცხადა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდოს აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს, "კონსტიტუციის დარღვევად" აფასებს. კობახიძის მტკიცებით, სებ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვით, უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.

ნამჩავაძის შეფასებით, თუ საქართველო ფარცხალაძესთან დაკავშირებულ სანქციებს არ დაიცავს, კომერციული ბანკები დასანქცირების რისკის წინაშე აღმოჩნდებიან, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

"ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პირველი დანიშნულება კომერციული ბანკების სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფაა. თუ კომერციული ბანკები დასანქცირების რისკის წინაშე აღმოჩნდებიან, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება საბანკო სექტორისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვო არის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ეს შეიძლება მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში", - ამბობს ნამჩავაძე. 

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.