LIVE

EUGBC: არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

25 სექ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 279
EUGBC: არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოში აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

როგორც EUGBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კაჭარავამ "ბიზნეს ფორმულას" მთავრობის მხრიდან პორტის პროექტის გააქტიურების საკითხის შეფასებისას განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები დროულად დაიწყოს.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება.

"არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის პორტს. პორტის პროექტი უკვე ნაწილობრივ მაინც რომ ყოფილიყო განხორციელებული, თუნდაც პირველი ფაზა, ახლა გაცილებით წინ იქნებოდა ქვეყანა. როგორც ვიცით, დიდი ტვირთნაკადი გადმომისამართდა საქართველოს დერეფანში და უნდა შევძლოთ, რომ ეს ტვირთები შევინარჩუნოთ. მთლიანობაში ეს პორტი საქართველოს როგორც ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. გაიზრდება ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და ევროპასთან ვაჭრობა. შესაბამისად, რაც უფრო მალე განვითარდება პროექტი, უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. კარგი იქნება, თუკი დასავლელი პარტნიორები და კომპანიები დიდი ოდენობით იქნებიან პორტის პროექტში ჩართულები, განსაკუთრებით მათი გამოცდილება და ექსპერტიზა მნიშვნელოვანი იქნება პროექტის განვითარებისთვის", - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

ცნობისთვის, მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის წლევანდელი ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს. პორტის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი სავარაუდოდ, მომდევნო თვეში დაიწყება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა ივნისში დასრულდა, თუმცა მთავრობას კერძო ინვესტორი კომპანია, რომელიც პროექტში 49%-იანი წლით შევა, ჯერჯერობით შერჩეული არ ჰყავს. ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან, ერთი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, მეორე კი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა.