LIVE

როგორ გადანაწილდება გაზრდილი ბიუჯეტი - ხუციშვილის განმარტება

15 სექ 202313:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 327
როგორ გადანაწილდება გაზრდილი ბიუჯეტი - ხუციშვილის განმარტება

მთავრობა 2023 ბიუჯეტს 500 მილიონი ლარით ზრდის. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად, 250 მილიონი ლარით, იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.

მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრმა განმარტა, თუ როგორ ნაწილდება გაზრდილი ბიუჯეტი სამინისტროებისა და უწყებების მიხედვით:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება: ძირითადად ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მილიონი ლარი მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 250 მილიონი ლარით იზრდება. მინისტრის თქმით, "ეს იქნება საპენსიო ფონდის ზრდა, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტად არის გაზრდილი პენსიონერთა რაოდენობა. დაახლოებით 75 მილიონი ლარი არის გამოყოფილი აღნიშნული ცვლილების დამატებით. ასევე იზრდება სხვადასხვა მიმართულებით მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატების დაფინანსება 8 მილიონი ლარით. 120 მილიონი ლარი გამოყოფა დამატებით ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად და მათ შორის გათვალისწინებულია ახალი პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტების, პაციენტი ბავშვების მკურნალობის დაფინანსების ხარჯი, რომელსაც სრულად სახელმწიფო დააფინანსებს."

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 47 მილიონი ლარით იზრდება: "აქედან უდიდესი ნაწილი, კერძოდ 34.8 მილიონი ლარი, სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროგრამებში დაიხარჯება დამატებით. ასევე, 10.5 მილიონი ლარით იზრდება მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები."

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით იზრდება: აქედან "დიდი ნაწილი, 20 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიხარჯება. ასევე 3 მილიონი ლარი მიემართება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად."

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 40 მილიონი ლარით იზრდება, "რაც საჭირო არის შესაბამისი სისტემებისა და ინფრასტრუქტის განახლების მიმართულებით."

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება, "რაც წლის ბოლომდეა საჭირო მიმდინარე შესყიდვების სრულყოფილად დასაფინანსებლად."

კულტურის სამინისტროს დაფინანსება 34 მილიონი ლარით იზრდება, "საიდანაც ყველაზე დიდი ნაწილი, 27.5 მილიონი ლარი გათვალისწინებულია მიღწეული შედეგების მიხედვით, სპორტსმენებისათვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებისათვის."

მინისტრის განცხადებით, ასევე გაიზრდება სარეზერვო ფონდის მოცულობა 40 მილიონი ლარით. მისი განმარტებით, ამის "მიზეზი არის ძალიან ბევრი სტიქია, რომელიც წელს იყო".

საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხები 100 მილიონი ლარით მცირდება. მინისტრის განმარტებით, ამის მიზეზი ლარის გამყარებაა.

გარდა ამისა იზრდება სხვადასხვა უწყებების ბიუჯეტი. კერძოდ, 21 მილიონი ლარი გამოიყოფა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის. მინისტრის თქმით, აღნიშნული მხოლოდ მიმდინარე წლის ხარჯია და მომდევნო წელს კიდევ დამატებითი თანხები იქნება გამოყოფილი.