LIVE

მოსახლეობის 84% ფიქრობს, რომ საქართველოს EU-სთან კარგი ურთიერთობა აქვს - კვლევა

15 სექ 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 385
მოსახლეობის 84% ფიქრობს, რომ საქართველოს EU-სთან კარგი ურთიერთობა აქვს - კვლევა

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 84% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებელს 2016 წლიდან, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა, მზარდი ტენდენცია აქვს.  

საქართველოს მოსახლეობის 54%-ს დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11%-ით არის შემცირებული. არ შეცვლილა უარყოფითად განწყობილ ადამიანთა პროცენტული წილი (3%), თუმცა 10%-ით გაიზარდა ნეიტრალური დამოკიდებულების მქონე ადამიანთა რიცხვი.

ამასთან, მკვეთრად არის მომატებული ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. 2016 წლის 60%-თან შედარებით, წელს ეს მაჩვენებელი 82% უტოლდება. გამოკითხულთა 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება.

ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78%.

კვლევის სხვა მთავარი მიგნებები ასეთია:

  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%).
  • მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში.
  • ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამა, საზოგადოებრივი აზრის კვლევას ყოველწლიურად ატარებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. საქართველოში უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000 რესპონდენტთან პირისპირი ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.