
რუსეთი გეგმავს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთს ბუნებრივი აირი, ევროპასთან შედარებით, განახევრებულ ფასად მიჰყიდოს.
2026 წლამდე რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზის მიხედვით, მომავალ წელს მოსკოვი მილსადენში გამავალ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ჩინეთს საშუალოდ 271,6 აშშ დოლარად მიჰყიდის. ამავე დროს, ევროპასა და თურქეთში მყიდველებისთვის ფასი საშუალოდ 481,7 დოლარი იქნება. Bloomberg-ის თანახმად, ეს ფასები 2026 წლამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი ეტაპობრივად შემცირდება.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, რუსეთი ჩინეთს გაზს 1000 კუბურ მეტრზე საშუალოდ 297,3 დოლარად მიჰყიდის, ევროპასა და თურქეთში შემორჩენილი კლიენტები კი საშუალოდ 500,6 დოლარს გადაიხდიან.
რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირები გასული წლის თებერვლის შემდეგ, გაღრმავდა. იმის გამო, რომ გლობალურ ეკონომიკაში რუსეთის პოზიცია საგრძნობლად შესუსტდა, ის სულ უფრო მეტად გახდა ჩინეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებული.