LIVE

ვენეცია ტურისტებისთვის ერთდღიან ვიზიტზე €5-იან გადასახადს დააწესებს

17 სექ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 615
ვენეცია ტურისტებისთვის ერთდღიან ვიზიტზე €5-იან გადასახადს დააწესებს

ტურიზმის კონტროლის მიზნით, ვენეცია ერთდღიანი ვიზიტორებისთვის €5-იან გადასახადს აწესებს. ქალაქში შესვლის გადასახადი 14 წელზე მეტი ასაკის ყველა ვიზიტორმა უნდა გადაიხადოს. სავალდებულო იქნება ქალაქში ვიზიტის წინასწარ დაჯავშნაც.

ქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ახალი მოდელის დატესტვა, შემდეგი წლის დატვირთულ სეზონზე იგეგმება. ოფიციალური პირების თქმით, გადასახადის მთავარი მიზანია ტურისტებმა, რომლებიც ერთი დღით სტუმრობენ ქალაქს, ნაკლებ დატვირთული დღე შეარჩიონ. გადასახადი არ შეეხება მათ, ვინც ქალაქში ღამითაც დარჩებიან.

„ვენეცია ევროპის ყველაზე ტურისტული ქალაქია, რის შედეგადაც ყველაზე მეტად ზარალდება“,- აღნიშნავს სიმონე ვენტურინი, ქალაქის საკრებულოს წევრი.

ჭარბი ტურიზმი ვენეციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 2019 წელს ქალაქმა, რომლის ფართობი სულ რაღაც 7,6 კმ²-ია, 13 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტორთა რაოდენობა უახლოეს წლებში პანდემიამდელ დონეს გადააჭარბებს.

ამ წლის დასაწყისში UNESCO-მ რეკომენდაცია გასცა, ვენეციის საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დამატების შესახებ. ქალაქს კლიმატის ცვლილებებისა და მასობრივი ტურიზმის გავლენით, შეუქცევადი ცვლილებები ემუქრება.

2021 წელს ნავსადგურში ინციდენტის შემდგომ, დიდ საკრუიზო გემებს ქალაქის ცენტრში შესვლა ეკრძალებათ. აკრძალვის მომხრეები აცხადებდნენ, რომ გემები აბინძურებს ქალაქს და აზიანებს მის საძირკველს, რომელიც მუდმივად წყალქვეშაა.

გადასახადის დაწესების მიუხედავად, ჯერ კიდევ განხილვის საგანია, შეაკავებს თუ არა ეს მექანიზმი დიდ ტურისტულ ნაკადებს.