LIVE

TikTok, Facebook, Google, Apple - ევროკავშირი ტექნოგიგანტებს შეზღუდვებს უწესებს

07 სექ 202311:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 480
TikTok, Facebook, Google, Apple - ევროკავშირი ტექნოგიგანტებს შეზღუდვებს უწესებს

ევროპულმა კომისიამ დაასახელა ექვსი ტექნოლოგიური გიგანტი, რომელთა გაერთიანებაში მოქმედების წესები სამომავლოდ გამკაცრდება.

განცხადებაში ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ განსაზღვრა 22 „მთავარი პლატფორმა“ რომელთაც Apple-ი, Amazon-ი, Microsoft-ი, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი, Facebook-ის მფლობელი Meta და TikTok-ის შემქმნელი Bytedance-ი ამუშავებენ. სწორედ აღნიშნული კომპანიების პლატფორმებს მოუწევთ ევროკავშირის ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა.

ახალი წესები ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. კერძოდ, საუბარია ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტზე (DMA), რომელიც ძალაში 2022 წლის ნოემბერში შევიდა და რომელიც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მკაცრი რეგულირებით ბაზარზე მეტი კონკურენციის მიღწევას ისახავს მიზნად. საქმე ისაა, რომ DMA კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებდა, რაც ევროკავშირმა პირველად გუშინ გაასაჯაროვა.

კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აღნიშნული კომპანიები ვალდებულნი არიან, დარწმუნდნენ, რომ მათი სერვისები კონკურენტთა პროდუქტების მსგავსია. ამასთან, მათ მონაცემთა გაზიარების ვალდებულებაც ეკისრებათ. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა შეგროვებას, იგი დასაშვები მხოლოდ მომხმარებელთა მკაფიო თანხმობის საფუძველზე იქნება.

კომპანიებს ექვსი თვე ეძლევათ თავიანთი საქმიანობის რეგულირების წესებთან შესაბამისობაში მოსაყვანად; შემდეგ კი რეგულარულად ანგარიშების წარდგენაზე იქნებიან პასუხისმგებლები.

ცნობისთვის, თუკი დაფიქსირდება DMA-ის დარღვევა, კომპანია შესაძლოა თავისი წლიური ბრუნვის 10-20%-ის ფარგლებში დაჯარიმდეს. განმეორებით დარღვევების შემთხვევაში კი შესაძლოა კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის ფარგლებში საერთოდ აიკრძალოს.