LIVE

ევროკავშირი Google-ს, Meta-ს და სხვა ტექ-კომპანიებს კონტენტის ახალ მოთხოვნებს უწესებს

26 აპრ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 265
ევროკავშირი Google-ს, Meta-ს და სხვა ტექ-კომპანიებს კონტენტის ახალ მოთხოვნებს უწესებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინტერნეტ სივრცეში უკანონო კონტენტის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონებს ამკაცრებენ. 16-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, სამშაბათს ევროკავშირში ციფრული სერვისების აქტი (DSA) დაიდო, რომელიც გაერთიანების ფარგლებში ტექნოლოგიური კომპანიების სფეროს გააკონტროლებს. 

ახალი წესები, რომელიც ძალაში 2024 წლიდან შევა, კრძალავს რეკლამებს, რომლებიც გამიზნული შეიძლება იყოს ბავშვებზე ან ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორებიცაა რელიგია, სქესი, რასა, პოლიტიკური შეხედულებები და სხვა. ამასთან, აიკრძალება ნებისმიერი საშუალება, რომლითაც აღნიშნულმა კომპანიებმა შესაძლოა ისარგებლონ მომხმარებელთა პირადი მონაცემების მისაღებად. რაიმე კრიზისის შემთხვევაში ონლაინ პლატფორმებსა და ონლაინ საძიებო სისტემებს მოუწევთ კონკრეტული ზომების მიღება დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ომის დაწყების შემდეგ დიდი რაოდენობით დეზინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. საჭიროების შემთხვევაში, კომპანიები იძულებულნი იქნებიან, მარეგულირებლებსა და მკვლევრებს გადასცენ ინფორმაცია ალგორითმებთან დაკავშირებით. 

DSA-ს წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს ჯარიმები დაეკისრებათ, რომლებიც მათი გლობალური ბრუნვის 6%-ს მოიცავს. განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ევროკავშირში სრულად აიკრძალება. 

ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე ტრანსნაციონალური კორპორაციების შეზღუდვა ევროკავშირში DSA-ით არ დაწყებულა: გასულ თვეს ევროკავშირის კომისარმა კონკურენციის საკითხებში, მარგრეტ ვესტაგერმა, საეტაპო წესების მიღებასთან დაკავშირებით ბლოკის 27 წევრი სახელმწიფოსაგან მხარდაჭერა მიიღო. თავდაპირველ ეტაპზე შემუშავდა ციფრული ბაზრების აქტი (DMA), რომლის მიზანიც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მკაცრი რეგულირებით ბაზარზე მეტი კონკურენციის მიღწევაა. ციფრული ბაზრების შესახებ აქტი ევროკავშირს საშუალებას აძლევს, გარკვეული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სოლიდური ჯარიმები დაუწესოს ან აქტივები ჩამოართვას ევროპის საზღვრებში ოპერირებად კომპანიებს. აქტის ძირითადი მიმართულებები მოიცავს მკაცრ შეზღუდვებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მონაცემების შეგროვება, შეტყობინებების სერვისები და მომხმარებლებისთვის აპლიკაციების დეინსტალაციის შესაძლებლობის დაშვება. 

ამრიგად, ციფრული სერვისების აქტი (DSA) ციფრული ბაზრების აქტის გაგრძელებაა: “ციფრული სერვისების აქტით, ის რაც რეალურ სამყაროში არალეგალურია, ონლაინ სივრცეშიც უკანონობად ჩაითვლება - არა როგორც, მაგალითად, სლოგანად, არამედ როგორც რეალობად,” - განაცხადა ვესტაგერმა თავის Twitter-ის გვერდზე. შესაბამისად, Google-ს, Meta-სა და სხვა მსხვილ ონლაინ პლატფორმებს მოუწევთ, უკეთ იმოქმედონ როცა საქმე მათი მომხმარებლების დაცვას შეეხება: “ევროპამ ცხადყო, რომ მათ არ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, თითქოს დამოუკიდებელი ციფრული კუნძულები იყვნენ.”

უფრო კონკრეტულად, DSA შეზღუდვებს დაუწესებს ისეთ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, როგორებიც არიან: AliExpress, Amazon, Apple, Booking, Facebook, Google Maps, Google Play, Google Search, Google Shopping, Instagram, Linkedin, Pinterest, Snapchat, TikTok, Twitter, Wikipedia, Youtube, Microsoft-ის Bing და Zalando. 

ამრიგად, აღნიშნულ კომპანიებს, რომლებიდანაც თითოეულს 45 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, DSA-ის ქვეშ მოეთხოვებათ რისკების მართვა, გარე და დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება და ხელისუფლებებისა და მკვლევრებისთვის მონაცემების გაზიარება. როგორც ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა, აღნიშნა, “ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული 19 პლატფორმა და საძიებო სისტემა სისტემატურად მნიშვნელოვანი გახდა, რის გამოც მათ ეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, უფრო უსაფრთხო გახადონ ინტერნეტი.”