LIVE

ევროპარლამენტარებმა კომპანიებისთვის USB-C დამტენის გამოყენების იძულებას მხარი დაუჭირეს

04 ოქტ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 569
ევროპარლამენტარებმა კომპანიებისთვის USB-C დამტენის გამოყენების იძულებას მხარი დაუჭირეს
Jakub Porzycki/NurPhoto/Getty Images

ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლებს ტელეფონებზე, პლანშეტებსა და კამერებზე მხოლოდ USB-C დამტენი პორტების გამოყენების უფლებას აძლევს. 

ამ წესს ყველაზე დიდი გავლენა ექნება iPhone-ის მწარმოებელ Apple-ზე, რომელიც ამ დრომდე Lightning პორტებს იყენებს. 

წინადადებას მხარი 602-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი აღმოჩნდა, რვამ კი თავი შეიკავა. 

ინიციატივაზე ევროკომისიასა და ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის თანხმობა უკვე არსებობს, მაგრამ ახალი წესის ძალაში შესასვლელად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბოლოო ხელმოწერა ჯერ კიდევ საჭიროა. წინადადება კანონში, სავარაუდოდ, 2023 წელს აისახება. 

ინიციატივამ თავდაპირველად გაანაწყენა Apple, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ხელს შეუშლის ინოვაციების განვითარებას, მაგრამ მაისში Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია ცდის iPhone-ის ახალ მოდელებს, რომლებზეც არსებულ Lightning პორტი სტანდარტული USB-C პორტით ჩანაცვლდება. 

ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივით, 2024 წლის შემოდგომისთვის ევროპაში გაყიდული ყველა ტელეფონი და პლანშეტი ახალ მოთხოვნას უნდა შეესაბამებოდეს. ლეპტოპების შემთხვევაში, ახალ წესზე გადასასვლელად მეტი დრო გამოიყოფა. 

გადაწყვეტილების მიზანი ეკოლოგიისთვის ნაკლები ზიანის მიყენება და მომხმარებლების ხარჯის დაზოგვაა. ევროკომისიის მონაცემებით, გადაწყვეტილება მომხმარებლებს ყოველწლიურად დაახლოებით 250 მილიონი ევროს დაზოგვაში დაეხმარება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯილიან დოიჩი