LIVE

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 26%-ით, რუსეთიდან იმპორტი კი 24%-ით გაიზარდა - საქსტატი

21 აგვ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 434
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 26%-ით, რუსეთიდან იმპორტი კი 24%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (1 მლრდ 688 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (1 მლრდ 504 მლნ აშშ დოლარი) მესამე კი - აშშ-მ (1 მლრდ 023 მლნ აშშ დოლარი).

7 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 24.2%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 12.8% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 1 მლრდ 088 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. იანვარ-ივლისში რუსეთიდან ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების პროდუქცია შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე;
  • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი.

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-ივლისში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 26.2%-ით, 416 მლნ 201 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.6% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • ფეროშენადნობები;
  • მინერალური და მტკნარი წყლები;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით.

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (495 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ აშშ დოლარი). 

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 მლრდ 178 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9%-ს შეადგენდა. მეორე პოზიციაზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.6%), ხოლო მესამე ადგილზე - ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ აშშ დოლარით (4.2%).

საქსტატის თანახმად, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეულში ლიდერობდა თურქეთი (1 მლრდ 421 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ იყო რუსეთი (1 მლრდ 088 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ აშშ დოლარი).

იანვარ-ივლისში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველი პოზიცია მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 1 მლრდ 620 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19% შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები 608.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.1%), ხოლო მესამეზე - დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 307.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.6%).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტზე 3 მლრდ 583 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

7 თვეში, იმპორტი წლიურად 19%-ით გაიზარდა და 8 მლრდ 522 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შესაბამისად, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 მლრდ 106 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ივლისში 4 მლრდ 939 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.