LIVE

ენტონი ბლინკენი Nord Stream2-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

11 მარ 202112:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
ენტონი ბლინკენი Nord Stream2-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს
Jose Luis Magana/AP Photo

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე დაადასტურა, რომ თეთრი სახლი Nord Stream2-ის გაზსადენის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს.

„პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ ეს (მილსადენის მშენებლობა) ცუდი იდეაა. მე ვიზიარებ მის მოსაზრებას. ეს არღვევს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების პრინციპებს და ძირს უთხრის უკრაინისა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პერსპექტივებს“ - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს დამატებითი სანქციების შესაძლებლობის შესწავლას. ბლინკენს კონკრეტულ სადამსჯელო ზომებზე არ უსაუბრია.

Nord Stream2-ის პროექტის მიზანია რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის ექსპორტი ბალტიის ზღვის ქვეშ, უკრაინის გვერდის ავლით. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ მილსადენი საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის მას რუსეთზე და ზიანს აყენებს უკრაინას, რომელიც სატრანზიტო გადასახადით მიღებული თანხის შემცირების გამო მილიარდობით დოლარს დაკარგავს.