LIVE

აბუ-დაბის ნავთობის ეროვნული კორპორაცია აზერბაიჯანში გაზის საბადოს 30%-იან წილს შეიძენს

05 აგვ 202315:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 296
აბუ-დაბის ნავთობის ეროვნული კორპორაცია აზერბაიჯანში გაზის საბადოს 30%-იან წილს შეიძენს

აბუ-დაბის ნავთობის ეროვნული კორპორაცია (Adnoc), რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია, აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის საბადოს წილს შეისყიდის. ეს გარიგება არაბული კომპანიისთვის მზარდი ნახშირწყალბადების აქტივების პირველი მასშტაბური საერთაშორისო შესყიდვაა.

კომპანია კასპიის ზღვაში Absheron-ის საბადოს 30%-იან წილს შეისყიდის. Adnoc-თან შეთანხმების ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ნავთობის კომპანია Socar-ი და მისი ფრანგული პარტნიორი TotalEnergies SA 15-15%-იან წილს გაყიდიან. პროექტის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 „Adnoc-ის ინვესტიცია კასპიის ზღვის რეგიონში მიზნად ისახავს ბუნებრივი აირის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციის გამყარებას. პარტნიორობა კომპანიას საშუალებას მისცემს განავითაროს რესურსებით მდიდარი რეგიონი და შექმნას ევროპისთვისა და ცენტრალური აზიისთვის მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოფიციალური მონაცემებით, Absheron-ის საბადო 300 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტევს, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, რეზერვი გაცილებით დიდია.

Absheron-ის საბადოდან აქტიური წარმოება ერთი წლის წინ დაიწყო, სადაც Socar-ი და TotalEnergy თანაბარ 50-50%-იან წილებს ფლობდნენ. თუმცა ახალი შეთანხმების შემდეგ, რომელსაც ჯერ კიდევ ოფიციალური მხარეების მიერ დამტკიცება სჭირდება, ორივე პარტნიორს 35-35%-იანი წილი დარჩება.

Adnoc-ი მილიარდებს ხარჯავს ნავთობისა და გაზის წარმოების მოცულობის ზრდისთვის ქვეყნის შიგნით, აზერბაიჯანის პროექტი კი პირველი მასშტაბური წარმოების პროექტია საზღვრებს გარეთ. კომპანიამ ოფიციალური შეთავაზება გააკეთა ბრიტანულ BP-თან, ისრაელის ბუნებრივი აირის პროექტის შესასყიდად. ასევე შეიძინა წილები ევროპული ქიმიურ და ენერგო კომპანიებში.