LIVE

სოჭიდან მომავალი საკრუიზო გემი ბათუმშია

27 ივლ 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 394
სოჭიდან მომავალი საკრუიზო გემი ბათუმშია

სოჭიდან მომავალი საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში დგას. 

marinetraffic.com-ის მონაცემებით, გემი, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, ბათუმში დღეს დილის 05:00 საათზე თურქეთიდან, ამასრას პორტიდან შევიდა. ის აჭარაში მთელი დღით დარჩება. გემი პალაუს დროშის ქვეშ ცურავს. 

სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო მიმოსვლის დაწყების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2023 წლის იანვარში რუსულ მედიაში გავრცელდა. მაშინ ქართულმა მხარემ ეს ინფორმაცია უარყო. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო Astoria Grande-ს ბათუმში შესვლის შესახებ ინფორმაციას ორი დღის წინ, მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბათუმში სოჭიდან მომავალი საკრუიზო გემი 27 ივლისს შემოვიდოდა.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს ტრაბზონიდან შემოსვლა იგეგმებოდა და გემს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.

"აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში. 

Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, მორიგი კრუიზი 29 ივლისს იგეგმება. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.