
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (1 მლრდ 458 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (1 მლრდ 271 მლნ აშშ დოლარი) მესამე კი - აშშ-მ (821 მლნ აშშ დოლარი).
6 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 31.2%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 12.9% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 927 მლნ 278 ათასი დოლარი გადაიხადა. იანვარ-ივნისში რუსეთიდან ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების პროდუქცია შემოვიდა:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები;
- ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისგან.
რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-ივნისში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 34%-ით, 343 მლნ 913 ათას დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაყიდა:
- ყურძნის ნატურალური ღვინო;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
- ფეროშენადნობები;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (440 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (413.3 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (343.9 მლნ აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 991 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5%-ს შეადგენდა. მეორე პოზიციაზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 341.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.2%), ხოლო მესამე ადგილზე - ყურძნის ნატურალური ღვინოები 126 მლნ აშშ დოლარით (4.1%).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეულში ლიდერობდა თურქეთი (1 მლრდ 247 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ იყო რუსეთი (927.3 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (775.2 მლნ აშშ დოლარი).
იანვარ-ივნისში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველი პოზიცია მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 1 მლრდ 314 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.2% შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები 496.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%), ხოლო მესამეზე - ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 275.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.8%).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 3 მლრდ 053 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
6 თვეში, იმპორტი წლიურად 20.4%-ით გაიზარდა და 7 მლრდ 216 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
შესაბამისად, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 მლრდ 269 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1%-ით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ივნისში 4 მლრდ 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.