აშშ-ში წლიური ინფლაცია ივნისში 3%-მდე შენელდა, რაც 2021 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური მაჩვენებელი მაისში 4%-ს შეადგენდა.
თვიურ ჭრილში ინფლაცია ივნისში 0.2%-მდე გაიზარდა, რაც მაისის 0.1%-ს აჭარბებს, მაგრამ ეკონომისტების პროგნოზზე ნაკლებია.
საბაზო ინფლაცია, რომელიც ენერგიის და საკვების ცვალებად ფასებს გამორიცხავს, ივნისში წლიურად 5.3%-დან 4.8%-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაციის თვიური მაჩვენებელი 0.1%-დან 0.2%-მდე გაიზარდა.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლის შენელება მიანიშნებს, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა ეფექტურად მოქმედებს ფასების შემცირებაზე.
ზოგადი ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად უახლოვდება აშშ-ის ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს - 2%-ს მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში აშშ-ში ინფლაცია რეკორდულ 9%-მდე გაიზარდა.
საბაზო ინფლაციის კვლავ მაღალი მაჩვენებელი ეკონომისტებს მიანიშნებს, რომ Fed რეფინანსირების განაკვეთს, სავარაუდოდ, კვლავ გაზრდის.
გასულ თვეში აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. 15 თვის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Fed-მა განაკვეთის ზრდა შეაჩერა.
ამჟამად ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 5%-5.25%-ის ფარგლებში რჩება, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.