აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. 15 თვის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Fed-მა განაკვეთის ზრდა შეაჩერა.
Fed-ის დღევანდელი გადაწყვეტილება ეკონომისტებისთვის და ინვესტორებისთვის მოულოდნელი არ იყო და ის მოსალოდნელზე მეტად გაზრდილ ეკონომიკას და შენელებულ ინფლაციას უკავშირდება.
შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, აშშ-ში მაისში ინფლაცია 4%-მდე შენელდა, რაც 2021 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ზოგად ინფლაციასთან ერთად, შემცირდა საბაზო ინფლაციის წლიური მაჩვენებელიც, რომელიც გასულ თვეში 5.3%-ით განისაზღვრა.
დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, Fed-მა ახალ პროგნოზებში მიანიშნა, რომ განაკვეთი წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, კიდევ ნახევარი პროცენტული პუნქტით გაიზრდება.
ამჟამად ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 5%-5.25%-ის ფარგლებში რჩება, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.