LIVE

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დროებით წყვეტს

11 ივლ 202300:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 430
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დროებით წყვეტს

ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დროებით, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 საათამდე წყვეტს

"უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.

ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას", - ნათქვამია აეროპორტის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღეს საღამოს ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტი დაიტბორა. აეროპორტში ჩამოინგრა ჭერის ნაწილიც.

დღეს რუსულ ავიაკომპანიას Red Wings პირველი ფრენა უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი 23:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, პარალელურად, დაგეგმილი იყო აქციაც.