LIVE

გრეტა ტუნბერგი კიევში ჩავიდა - საუბრები უკრაინის ომის "ეკოციდზე"

01 ივლ 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 416
გრეტა ტუნბერგი კიევში ჩავიდა - საუბრები უკრაინის ომის "ეკოციდზე"

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი კიევს ესტუმრა. ვიზიტისას ტუნბერგმა უკრაინის ომის შედეგად გარემოზე მიყენებულ ზიანზე ისაუბრა; გარდა ამისა, ეკოაქტივისტმა გააკრიტიკა რეაქცია, რომელიც მსოფლიოს კახოვკას კაშხლის აფეთქებაზე ჰქონდა. 

"არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს რეაქცია აღნიშნულ ეკოციდზე საკმარისი იყო," - განაცხადა ტუნბერგმა კიევში შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დამცველები და რამდენიმე ევროპელი პოლიტიკური ფიგურა ესწრებოდა.

"ამის შესახებ ჩვენ უფრო ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, მეტი უნდა გავაგებინოთ სხვებს, თუ რა მდგომარეობაა ახლა", - თქვა ტუნბერგმა. 

აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ჯგუფის წევრებს ვიზიტისთვის, რომელმაც, მისივე თქმით, "მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი სიგნალი" გამოკვეთა.  

ამჟამად უკრაინა კახოვკას კაშხლის აფეთქების საქმეს იძიებს. ხერსონის რეგიონის ჰიდროელექტროსადგური 6 ივნისს აფეთქდა, რასაც წყალდიდობები და უდიდესი ეკოლოგიური ზარალი ("ეკოციდი") მოჰყვა. კაშხლის აფეთქების შედეგად მიღებული ზარალი 1.2 მილიარდი ევროა. 

კიევი და მოსკოვი კაშხლის აფეთქებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ ჰესის აფეთქებაში რუსეთს ბრალს დებენ აშშ და ევროკავშირი

გარემო უკრაინის ომის "მდუმარე მსხვერპლია." ომის შედეგად უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% ფეთქებადი იარაღებით დაბინძურდა; გარდა ამისა, 2.4 მილიონ ჰექტარ ტყეზე მეტი დაზიანდა.