
გაკოტრებული კრიპტობირჟა FTX ცდილობს საქმიანობა განაახლოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად Wall Street Journal-მა აღმასრულებელ დირექტორზე, ჯონ რეიზე დაყრდნობით გაავრცელა.
გამოცემის თანახმად, კომპანია დაინტერესებულ ინვესტორებთან FTX.com ბირჟის განახლების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბირჟის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა ამერიკულმა კომპანიამ Figure. მიმდინარე კვირაში FTX სხვა დაინტერესებულ ინვესტორებსაც ელის.
საერთაშორისო გამოცემები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო FTX-ს საქმიანობის განახლების უფლებას მისცემს, მისი მცდელობა დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რადგან მარეგულირებლების მხრიდან ინდუსტრიაზე ზედამხედველობა ძლიერდება.
FTX-ს ლიკვიდურობის პრობლემა გასულ წელს შეექმნა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია. მოგვიანებით, 8 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა და საკუთარ პლატფორმაზე FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღება შეწყვიტა.
ბაჰამის პოლიციამ ჩამოშლილი კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სემ ბანკმენ-ფრიდი გასული წლის ბოლოს დააკავა. ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ FTX-მა გაკოტრების შესახებ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა. FTX-ის კოლაფსის შედეგად, მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდი გაქრა.
"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კონკურენტი FTX-ის კოლაფსში დამნაშავედ, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბანკმენ-ფრიდმა დიდი თაღლითობა განახორციელა და მარეგულირებლები და ბევრი ადამიანი მოატყუა. მისი თქმით, FTX-ის კოლაფსი Binance-ს არ გამოუწვევია.