LIVE

₾13 მილიონის ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის 3 ადამიანი დააკავეს

27 ივნ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 557
₾13 მილიონის ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის 3 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

გამოძიება ბრალდებულებს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დაახლოებით 13 მლნ ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობას ედავება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის დაახლოებით 13  მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს საზღვარგარეთ მოქმედი ნოტარიუსის სახელით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც კომპანიის დამფუძნებელი თითქოსდა აძლევდა ერთ-ერთ ბრალდებულს უფლებამოსილებას მისი წარმომადგენლობის თაობაზე.

აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ბრალდებულებმა იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს კომპანიის სადამფუძნებლო კაპიტალის, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრზე გადაფორმება და დირექტორის ცვლილება, რაც ვერ განახორციელეს საგამოძიებო სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული მოქმედებების შედეგად“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

უწყების განმარტებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.