LIVE

I კვარტალში საქართველოში უცხოური ინვესტიციები წლიურად 14%-ით შემცირდა - საქსტატი

09 ივნ 202311:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 2030

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 496.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3%-ით აღემატება.

I კვარტალში, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით, სააქციო კაპიტალი 17%-ით გაიზარდა და 300.2 მლნ დოლარი იყო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5%-ია. წლიურად შემცირდა რეინვესტირების მაჩვენებელი და 189.6 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2%-ით განისაზღვრა.

3 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ დოლარი შეადგინა.

             უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება                                                        ეკონომიკის სექტორების მიხედვით:   

  • დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი - 226.3 მლნ დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6%);
  • ვაჭრობის სექტორი - 90.7 მლნ დოლარი (18.3%);
  • ტრანსპორტის სექტორი - 43.3 მლნ დოლარი (8.7%).

სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზე იყო ნიდერლანდები - 239.6 მლნ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფებოდა იაპონია - 63.2 მლნ დოლარით (12.7%), ხოლო მესამე პოზიცია დაიკავა აშშ-მა - 54.7 მლნ დოლარით (11%).

შეგახსენებთ, მთავრობა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს. დოკუმენტი პარლამენტს განსახილველად შემოდგომაზე გადაეგზავნება.

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონით გადაიხედება არსებული საინვესტიციო პოლიტიკა, გაიზრდება ინვესტორთა უფლებების დაცვის არეალი და შეთავაზებული იქნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლით გათვალისწინებული გარანტიები.

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორისა თუ ექსპერტების ნაწილი საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუარესებასა და არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, რაც ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. ასეთ გამოწვევებს შორის სახელდება სასამართლო სისტემა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობა, შესაბამის სექტორთან კომუნიკაციის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ბიუროკრატიული ბარიერები, ჩაშლილი საინვესტიციო პროექტები, რომელთა გამოც მთავრობა საარბიტრაჟო დავებშია და ა.შ.