LIVE

მთავრობა „ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს

07 ივნ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 268
მთავრობა „ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს

მთავრობა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს. დოკუმენტი პარლამენტს განსახილველად შემოდგომაზე გადაეგზავნება.

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში, რომელიც 2022 წლის ივნისი - 2023 წლის მაისის პერიოდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა.

ანგარიშის თანახმად, ახალი კანონით გადაიხედება არსებული საინვესტიციო პოლიტიკა, გაიზრდება ინვესტორთა უფლებების დაცვის არეალი და შეთავაზებული იქნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლით გათვალისწინებული გარანტიები.

„საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის მარტიდან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომლის დებულებებიც თანხვედრაში იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და წაახალისებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში.

ახალი კანონით გადაიხედება არსებული საინვესტიციო პოლიტიკა, გაიზრდება ინვესტორთა უფლებების დაცვის არეალი და შეთავაზებული იქნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლით გათვალისწინებული გარანტიები.

რეფორმის ფარგლებში, მზადდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA), რომლითაც სიღრმისეულად გაანალიზდება ახალი რეგულაციის შესაძლო გავლენა ბიზნესსექტორზე.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით, ხოლო მისი საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად წარდგენა იგეგმება 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

შეგახსენებთ, კერძო სექტორისა თუ ექსპერტების ნაწილი საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუარესებასა და არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, რაც ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. ასეთ გამოწვევებს შორის სახელდება სასამართლო სისტემა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობა, შესაბამის სექტორთან კომუნიკაციის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ბიუროკრატიული ბარიერები, ჩაშლილი საინვესტიციო პროექტები, რომელთა გამოც მთავრობა საარბიტრაჟო დავებშია და ა.შ.