LIVE

აშშ-ის მარეგულირებელი ამჯერად კრიპტობირჟა Coinbase-ს უჩივის

06 ივნ 202317:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
აშშ-ის მარეგულირებელი ამჯერად კრიპტობირჟა Coinbase-ს უჩივის
Michael Nagle/Bloomberg

აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) კიდევ ერთ კრიპტობირჟას - Coinbase Global-ს წლების განმავლობაში წესების დარღვევის გამო უჩივის.

ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ 101-გვერდიან სარჩელში კომისია აღნიშნავს, რომ Coinbase-მა, რომელიც აშშ-ის უმსხვილესი კრიპტო პლატფორმაა, რეგულაციებს თავი აარიდა და მომხმარებლებს მრავალი დაურეგისტრირებელი კრიპტო ტოკენით ვაჭრობის უფლება მისცა.   

SEC-ის განმარტებით, Coinbase Prime-ის მეშვეობით, Coinbase მინიმუმ 2019 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც არარეგისტრირებული ბროკერი.  

SEC მოითხოვს, რომ Coinbase დაემორჩილოს ფასიანი ქაღალდების კანონებს და უარი თქვას, კომისიის მტკიცებით, უკანონოდ მიღებულ მოგებაზე.

Bloomberg ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა, რომ Coinbase-ის წინააღმდეგ SEC გამოძიებას აწარმოებდა. 

სიახლის გავრცელებისთანავე, ნიუ-იორკში Coinbase-ის აქციების ფასი 16%-ით $49.85-მდე დაეცა. 

აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) კრიპტობირჟა Binance-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, ჩანგპენგ ჟაოს ფასიანი ქაღალდების წესების დარღვევის გამო გუშინ უჩივლა. 

ბირჟის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ცამეტ ბრალდებას მოიცავს. მათ შორისაა დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და არალეგალური ტრანზაქციები.

Binance-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ, ერთ დღეზე ნაკლებ დროში, ინვესტორებმა ბირჟიდან დაახლოებით $780 მილიონი გაიტანეს.