საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი მარტივდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები იყო.
როგორც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, ცვლილებების მიზანი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივებაა. მინისტრმა ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება გამოყო, მათ შორის ის, რომ მოქალაქეობის მიღების მსურველს ქართული ენის ტესტზე გასვლა შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლება.
ამასთან, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი მოთხოვნა ნახევრდება.
„დღეს მთავრობამ იმსჯელა პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს. კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, ჩვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც გადაწყვეტენ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, პროცედურები გაუმარტივდეთ.
ამ მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება.
მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად და თუ ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში.
ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.
მეოთხე ცვლილების თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება“,- განმარტა იუსტიციის მინისტრმა.