LIVE

ბათუმი-ნოვოროსიისკი ლარსზე მარტივი გზაა - რა გეგმები აქვს სომხურ კომპანიას?

23 მაი 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
ბათუმი-ნოვოროსიისკი ლარსზე მარტივი გზაა - რა გეგმები აქვს სომხურ კომპანიას?

სომხურ კომპანიაში, რომელმაც ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით ორი რეისი უკვე შეასრულა, აცხადებენ რომ კონტაქტი არ ჰქონიათ საქართველოს მთავრობასთან, რადგან ყველა დეტალს ბათუმის პორტი აგვარებს.

C&M INTERNATIONAl-ის დირექტორმა, დავით ილონიანმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, რომ სომხური მხარე ზემო ლარსის ალტერნატივას დიდი ხანი ეძებდა, რადგან ლარსიდან ტვირთების გადატანა საკმაოდ დიდ საცობებთან იყო დაკავშირებული. ლარსთან შედარებით კი, ბათუმი-ნოვოროსიისკი უფრო მარტივი მარშრუტია.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად, რეისების სიხშირესაც გაზრდიან.

"სომხეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია. სწორედ ამიტომ, ზემო ლარსის ალტერნატივას სომხეთი დიდი ხანია ეძებდა. ბათუმის პორტმა კი, ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი გზა გააჩინა. მინდა გითხრათ, რომ სამომავლო გეგმები რუსეთის გარდა ევროპის მიმართულებით გადაზიდვებსაც ითვალისწინებს. მოლაპარაკების პროცესში ჩვენს კომპანიას არ ქონია საქართველოს მთავრობასთან შეხვედრები, რადგან ყველა დეტალს ბათუმის პორტი აგვარებდა. რაც შეეხება, მიმოსვლის სიხშირეს, დამოკიდებულებია მოთხოვნაზე. მისი გაზრდის შემთხვევაში უფრო მეტი რეისი შესრულდება",- განაცხადა დავით ილონიანმა "ბიზნეს ფორმულასთან".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ C&M INTERNATIONAL-მა ტვირთების გადაზიდვა საზღვაო გზით, ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით აპრილიდან დაიწყო, თავდაპირველად სომხურმა მედიამ გაავრცელა. ამის შემდეგ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაადასტურა, რომ ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის აპრილში ორი რეისი შესრულდა, თუმცა უარყო რეგულარული გადაზიდვების დაწყება. სააგენტოს თანახმად, გემის მფლობელი კომპანია სანქცირებული არაა და ამასთან, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას.