LIVE

სააგენტო ადასტურებს, რომ ნოვოროსიისკი-ბათუმის რეისები შესრულდა და ამბობს, რომ კვლავ იგეგმება

22 მაი 202314:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
სააგენტო ადასტურებს, რომ ნოვოროსიისკი-ბათუმის რეისები შესრულდა და ამბობს, რომ კვლავ იგეგმება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის აპრილში ორი რეისი შესრულდა, თუმცა უარყოფს რეგულარული გადაზიდვების დაწყებას.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, შესრულებული რეისები რეგულარული არაა, აქვს კომერციული ხასიათი და სისტემატურად ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, გემის მფლობელი კომპანია სანქცირებული არაა და ამასთან, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას.

"სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. 
 
რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.  
 
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება",- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
 
სააგენტომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც Armenpress-მა დაწერა, რომ C&M INTERNATIONAL-მა, ტვირთების გადაზიდვა საზღვაო გზით, ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით აპრილიდან დაიწყო. სომხური მედიის თანახმად, ტვირთების გადაზიდვა სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ხორციელდება.
 
"ბიზნეს ფორმულა" დაინტერესდა, მიმართეს თუ არა ფოთის პორტს სომხეთსა და რუსეთს შორის სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით. ფოთის პორტის მმართველ კომპანია APM Terminals-ში ამბობენ, რომ მსგავსი მოთხოვნა არ მიუღიათ. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ APM Terminals, როგორც ევროკავშირში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანია, სანქციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს სრულად იცავს.
 
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შევწყვიტეთ რუსეთთან ვაჭრობა და ასევე, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად განვახორციელეთ მკაცრი პროცესები იმპლემენტაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი გარიგება სანქცირებულ კომპანიებთან, სხვა სუბიექტებთან ან ფიზიკურ პირებთან",- აცხადებენ კომპანიაში.