LIVE

აშშ-მა Binance-ის მიერ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების შესაძლო დარღვევის გამოძიება დაიწყო

08 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 384
აშშ-მა Binance-ის მიერ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების შესაძლო დარღვევის გამოძიება დაიწყო

აშშ-მა რუსეთის სანქციების შესაძლო დარღვევის საკითხზე Binance-ის გამოძიება დაიწყო

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს, იყო თუ არა Binance Holdings გამოყენებული იმისათვის, რომ რუსებს სანქციებისთვის გვერდი აევლოთ და ფული მსოფლიოს უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟაზე გადაეტანათ.

Binance-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია სრულ შესაბამისობაშია ამერიკულ და საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.

„2021 წელს Binance-მა დაიწყო კორპორაციული მართვის სტრუქტურის გადახედვა, მათ შორის, აღმასრულებლების პოზიციებზე მოიწვია მსოფლიო დონის გამოცდილი კადრები, რათა ფუნდამენტურად შეეცვალა Binance-ის მუშაობა გლობალურად“, - ნათქვამია განცხადებაში.

Binance-ის განმარტებითვე, კომპანიის პროტოკოლი - "იცოდე შენი კლიენტი" კონკურენციას უწევს ნებისმიერ ტრადიციულ საბანკო სისტემას. მის ყველა მომხმარებელს უწევს გაიაროს კონტროლი, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ ქვეყანას და საიდენტიფიკაციო შემოწმებას. 

„ჩვენი პოლიტიკა ორმაგი რეგისტრაციების, ანონიმური მომხმარებლების და ფულის ბუნდოვანი წყაროების მიმართ ნულოვან ტოლერანტობას იჩენს“, - აცხადებს Binance.

იუსტიციის სამინისტრომ კომენტარისგან თავი შეიკავა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Binance-ის წინააღმდეგ გამოძიება იწყება. მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის მარეგულირებელმა კრიპტობირჟა სავაჭრო წესების დარღვევაში დაადანაშაულა. ფასიანი ქაღალდების კომისია იძიებს, უჭერდა თუ არა მხარს ბირჟა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას.

Binance-მა განაცხადა, რომ ის სამართლებრივ ვალდებულებებს სერიოზულად ეკიდება და თანამშრომლობს მარეგულირებლებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.