LIVE

Bluesky - სოციალური პლატფორმა, რომელმაც შესაძლოა Twitter ჩაანაცვლოს

29 აპრ 202315:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 318
Bluesky - სოციალური პლატფორმა, რომელმაც შესაძლოა Twitter ჩაანაცვლოს

ილონ მასკის მიერ Twitter-ში განხორციელებული ცვლილებების ფონზე უფრო მეტი პოლიტიკოსი და ცნობილი ადამიანი ეძებს ალტერნატიულ სოციალურ პლატფორმას: მათ შორის ყველაზე პოპულარული ხდება Bluesky, რომელზეც ბოლო დღეებში რეკორდულად გაიზარდა დარეგისტრირებულთა რიცხვი. 

Bluesky თავისი ფუნქციებით, მიზნებითა და დიზაინით Twitter-ის მსგავსი პლატფორმაა. უფრო მეტიც, იგი უფრო მარტივი გამოსაყენებელია და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, თავიანთ პროფილზე განათავსონ ტექსტები და ფოტოები. 

Bluesky-ის პროექტი Twitter-ის თანადამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ დაიწყო 2019 წელს. 2022 წელს აღმასრულებელი დირექტორი გახდა ჯეი გრაბერი, Bluesky კი დამოუკიდებელ ორგანიზაციად გამოცხადდა. 

აღსანიშნავია, რომ პლატფორმას ჯერ კიდევ არ ჰყავს ბევრი მომხმარებელი. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც Twitter-ზე ვერიფიკაციის ნიშანი გაქრა, Bluesky-ზე უკვე დარეგისტრირდა რამდენიმე ცნობილი ადამიანი. გრაბერმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა, რომ ერთ დღეში Bluesky-ზე 40 000 ადამიანი დარეგისტრირდა; აპლიკაცია iPhone-ებში უკვე 360 000-ჯერ გადმოიწერეს. ახლახან კი Bluesky Android app-ზეც დაემატა; მალევე იგი Android-ის უამრავმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში. 

Bluesky-ზე უკვე რამდენიმე ცნობილი სახეც გადავიდა. მათ შორის არიან “გალაქტიკის მცველების” რეჟისორი ჯეიმს განი, მოდელი კრისი ტეიგენი, აშშ-ის კონგრესის წევრი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი და სოციალური მედიის ვარსკვლავი, მწერალი და კომიკოსი პოლ დოჩნი, მეტსახელით Dril, რომელსაც Twitter-ზე 1.8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

ჯეი გრაბერის განმარტებით, Bluesky “მცირე ბლოგების ფორმატის მქონე მარტივი პლატფორმაა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო Twitter.” Bluesky-ც Twitter-ის მსგავსად მუშაობს: იგი იძლევა არაუმეტეს 300 სიმბოლოს შემცველი პოსტებისა და პასუხების დაწერის საშუალებას; ამასთან, პლატფორმაზე შესაძლებელია ფოტოების გამოქვეყნება და ტექსტების გაზიარება. 

Bluesky მიზნად ისახავს, ჰქონდეს უფრო ღია პოლიტიკა. სავარაუდოდ, მომხმარებლებს ექნებათ თავიანთი პიროვნების შემოწმებისა და, შესაბამისად, ვერიფიკაციის გავლის უფლება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ილონ მასკის ცვლილებები Twitter-ის ვერიფიკაციის პოლიტიკაში გახდა საფუძველი Bluesky-ის მზარდი პოპულარობისა. 

Bluesky-ზე მოხვედრის ერთადერთი გზა ამჟამად მოწვევის კოდის მიღებაა; ამისათვის კი რეგისტრაციის გავლის შემდეგ გარკვეული დროით ლოდინია საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში კოდის მიღება შეიძლება Bluesky-ზე უკვე დარეგისტრირებული აქტიური მომხმარებლებისაგან.