LIVE

Twitter-ზე ვერიფიკაციის აღმნიშვნელი ლურჯი ნიშნები გაქრა

21 აპრ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
Twitter-ზე ვერიფიკაციის აღმნიშვნელი ლურჯი ნიშნები გაქრა

ლურჯი ნიშანი, რომელიც Twitter-ზე ვერიფიცირებულ ანგარიშებს აღნიშნავდა, გაქრა. მის ნაცვლად Twitter-ის მფლობელ ილონ მასკს სურს, დაინერგოს ახალი გამოწერის პაკეტი, რომელიც ფასიანი იქნება. 

ცვლილებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ვერიფიკაციის ნიშანი ჰქონდათ ცნობილ ადამიანებსა და სახელმწიფო მოხელეებს, რომელთა პიროვნების ავთენტურობა დადასტურებული იყო და ისინი რაიმე სპეციალური სერვისით არ სარგებლობდნენ. მომხმარებლებმა უკვე გაავრცელეს თავიანთი ძველი ანგარიშის ფოტოები, რომლებზეც ვერიფიკაციის გამქრალი ლურჯი ნიშანი ჩანს; ამასთან, მათ ვერიფიკაციის სხვა საშუალებების შექმნაზე გამოთქვეს სურვილი. 

“ეს ნიუ-იორკის მთავრობის ნამდვილი ანგარიშია”,- დაწერა მომხმარებელმა, სახელით @NYCGov, და საკუთარ განცხადებას მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის ლინკი დაურთო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა გამოხმაურება სხვა ანგარიშისაგან: “არა, ეს ასე არ არის. მხოლოდ ჩვენ  წარმოვადგენთ ნიუ-იორკის მთავრობის ოფიციალურ ანგარიშს”, - წერს @NYC_GOVERNMENT. 

ვერიფიკაციის ნიშანი რომის პაპის ანგარიშმაც კი დაკარგა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ცნობილი ადამიანი წერს, რომ მათ შეუნარჩუნდათ ვერიფიკაციის ნიშანი, თუმცა სოციალური პლატფორმა აჩვენებთ, რომ ისინი სპეციალური Twitter Blue-ს ვერსიით სარგებლობენ, რომელიც ფასიანია და თვეში $8 ღირს. მათ შორისაა ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმზი. 

მასკმა Twitter-ში ცვლილებები შემოსავლების გაზრდის მიზნით შეიტანა. Twitter-ის მფლობელს ადრე უკვე გამოცხადებული ჰქონდა, რომ ვერიფიკაციის ნიშანი გაუქმდებოდა და მის ნაცვლად მომხმარებლებს Twitter-ის ფასიანი პაკეტის, Twitter Blue-ს გამოწერა მოუხდებოდათ, რომელიც თვეში $8 ღირს. ამჟამად Twitter Blue-ს მხოლოდ 1% მოიხმარს. როგორც ილონ მასკი აცხადებს, ყოველთვიურად Twitter-ით 500 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.