LIVE

ლანჩი კოსმოსის კიდეზე, რომლის ღირებულება $132 000 იქნება

22 აპრ 202312:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 782
ლანჩი კოსმოსის კიდეზე, რომლის ღირებულება $132 000 იქნება

ლანჩი ატმოსფეროში, კოსმოსის კიდეზე, ის ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომლის რეალობად ქცევისათვის კოსმოსური საჰაერო ბუშტების სტარტაპი Zephalto საფრანგეთის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობს. Zephalto მსურველებს ატმოსფეროში საჰაერო ბუშტით მოგზაურობის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც 2025 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი და ერთი ადამიანისთვის $132 000 ეღირება. 

Bloomberg-თან საუბარში Zephalto-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ წელიწადში 60 მსგავსი ფრენა განხორციელდება, თითოეულ ფრენაში კი მონაწილეობის მიღება 6 ადამიანს შეეძლება. კომპანიას სურს, ფრანგული სამზარეულოს კერძები და ყველასათვის ცნობილი ფრანგული ღვინო კოსმოსში გაიტანოს. 

საჰაერო ბუშტები ჰელიუმითა და წყალბადით იქნება სავსე და ისინი საფრანგეთის ტერიტორიიდან დაიწყებენ მოძრაობას. სტრატოსფეროში ასაფრენად 25 კილომეტრს საჰაერო ბუშტი საათ-ნახევარში გაივლის. როდესაც იგი თავის პიკს მიაღწევს, რომელიც სამჯერ უფრო მაღლაა, ვიდრე კომერციული თვითმფრინავების ფრენის არეალი, 3 საათით გაჩერდება, ხოლო მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ დედამიწის იმ ხედებით, რომლებიც ადრე მხოლოდ ასტრონავტებს ჰქონდათ ნანახი. უკან დაბრუნებას საჰაერო ბუშტი ასევე საათ-ნახევარი მოანდომებს. ამრიგად, ჯამში მოგზაურობა ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

კოსმოსის კომერციულ რბოლაში ევროპული Zephalto ახალი კომპანიაა. მის გარდა უკვე არსებობს სხვა ფირმებიც, რომლებიც მსგავს სერვისს სთავაზობენ მსურველებს; მაგალითად, ფლორიდაში დაფუძნებული Space Perspectives მსურველებს ატმოსფეროში კიდევ უფრო მაღლა აყვანას უფრო ნაკლებ ფასად ($125 000) ჰპირდება. Space Perspectives ფრენებს 2024 წლიდან დაიწყებს. 

საჰაერო ბუშტებს, რომელთაც სტრატოსფერომდე ასვლა შეუძლიათ, მეცნიერები და ამინდის მკვლევრები 1930-იანი წლებიდან იყენებენ, თუმცა აღნიშნული სფეროს ტურისტულად გარდაქმნა ნამდვილად სიახლეა. CNES (საფრანგეთის კოსმოსური სააგენტო) ატმოსფეროში 60 წელზე მეტია, აგზავნის ბუშტებს. 

ამ შემთხვევაში ბორტზე ყურადღება დაეთმობა საკვებს. Zephalto სტუმრებს მიშლენის ვარსკვლავის ხარისხის სამზარეულო დაახვედრებს, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია კონკრეტული შეფ-პარტნიორების დასახელებაზე თავს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის კოსმოსურ სააგენტოს სურს, მოგზაურები მაქსიმალურად დატკბნენ გამოცდილებით, საჰაერო ბუშტზე ხელმისაწვდომი მაინც იქნება Wi-Fi, რაც ადამიანებს თავიანთი გამოცდილების დედამიწაზე მყოფ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გაზიარების საშუალებას მისცემს.