LIVE

აშშ და უკრაინის სხვა მოკავშირეები რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულ აკრძალვას განიხილავენ

21 აპრ 202311:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 450
აშშ და უკრაინის სხვა მოკავშირეები რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულ აკრძალვას განიხილავენ

აშშ და უკრაინის სხვა მთავარი მოკავშირეები რუსეთში ექსპორტის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას განიხილავენ, რაც კრემლისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეწოლა იქნება.

Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა ამ ქვეყნებმა რუსეთში ექსპორტი სრულად აკრძალონ და გამონაკლისი გარკვეულ საქონელზე დააწესონ.   

საკითხს შვიდეულის ქვეყნების ლიდერები, სავარაუდოდ, მაისში იაპონიაში შეხვედრის დროს განიხილავენ. 

წყაროების თქმით, თუ ლიდერები ექსპორტის ამგვარი აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან პროდუქტების სიაზე, რომელსაც შეზღუდვა არ შეეხება. მოსალოდნელია, რომ მასში მედიკამენტები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მოხვდება.

Bloomberg აღნიშნავს, რომ აკრძალვის განხორციელებას შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები შეხვდეს. იმისათვის, რომ ის ევროკავშირში ამოქმედდეს, ბლოკის ყველა წევრმა ქვეყანამ ექსპორტის ახალი კრიტერიუმები უნდა მიიღოს. მოსალოდნელია, რომ ეს გამოიწვევს მწვავე დებატებს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების ნაწილს რუსეთში პროდუქტი კვლავ გააქვს. 

ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტი აქვს დამტკიცებული. ამან გაანახევრა რუსეთში ევროკავშირისა და G-7-ის ექსპორტის ღირებულება. სანქციების მიუხედავად, Trade Data Monitor-ის თანახმად, ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან და იაპონიიდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტი $66 მილიარდს შეადგენს.