LIVE

ომის წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა

25 თებ 202316:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
ომის წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა.

ომის წლისთავზე, 24 თებერვალს, შეთანხმებული ახალი სანქციებით ექსპორტის შეზღუდვები ფართოვდება და ევროკავშირიდან ოკუპანტ ქვეყანაში ჯამში 11 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი იკრძალება. აღსანიშნავია, რომ დღემდე მიღებული ყველა სანქციით, ევროკავშირმა მთლიანობაში შეზღუდა რუსეთში მისი 2021 წლის ექსპორტის თითქმის ნახევარი (49%). ფართოვდება შეზღუდვები რუსეთიდან იმპორტზეც და ახლა უკვე სანქციების ქვეშ მოექცა რუსული სინთეტიკური რეზინი, ბიტუმი და მასთან დაკავშირებული მასალები, როგორიცაა ასფალტი. ახალი სანქციების დამატებით, ევროკავშირმა 2021 წელს რუსეთიდან არსებული იმპორტის 58% უკვე შეზღუდა.

ამასთან, მკაცრდება დაწესებული სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ზომებიც, სანქცირება შეეხო დამატებით 120 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორისაც რუსი სახელისუფლებო და სამხედრო მაღალჩინოსნები არიან, შავ სიაში ხვდებიან პროპაგანდისტები და ამასთან, პირველად, პირდაპირი სანქციების ქვეშ ექცევა ირანის რევოლუციური გვარდია კრემლის ფარული სამხედრო დახმარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სანქციების ახალი პაკეტის საბოლოო შეთანხმებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა და წინ უძღოდა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა.

დიპლომატებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, Euronews-თან საუბარში აღნიშნეს, რომ სანქციების შეთანხმების ერთ-ერთი შემაფერხებელი იყო უნგრეთის მოთხოვნა, ამოეღოთ რამდენიმე რუსული სახელი შავი სიიდან. ასევე, ევროკომისიის არაპოპულარული წინადადება, რომ დაჯარიმდნენ ევროკავშირის მთავრობები, რომლებიც ვერ აწვდიან ანგარიშს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ადგილმდებარეობის შესახებ. ამ ინიციატივებმა საბოლოო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.