LIVE

რუსულენოვანი მაკლერების სიმრავლე უძრავ ქონებას აძვირებს - სააგენტო Liberte

23 აპრ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 527
რუსულენოვანი მაკლერების სიმრავლე უძრავ ქონებას აძვირებს - სააგენტო Liberte

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ათობით ახალი უძრავი ქონების სააგენტოს გვერდი გაჩნდა, სადაც მომსახურების გამწევი პირები რუსი მაკლერები არიან.

უძრავი ქონების სააგენტო Liberte-ს დირექტორი, ნინო პეტრიაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, რომ რუსულენოვანი მაკლერების სიმრავლე სექტორზე უარყოფითად აისახება და მნიშვნელოვნად ზრდის უძრავი ქონების ფასს, როგორც ყიდვის ასევე ქირის მიმართულებით.

მისი თქმით, აღნიშნული მაკლერები ძირითადად მაღალი კატეგორიის სეგმენტზე მუშაობენ და გასაყიდად არჩევენ ბინებს, რომლებიც როგორც ადგილმდებარეობით ასევე ფასითაც გამოირჩევა.

"ფაქტობრივად იუთუბზე, რუსულენოვანი აგენტების შემოსევაა. აღნიშნული სააგენტოები მომსახურებას ძირითადად რუსულენოვანი მომხმარებლებისთვის გასწევენ, რაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, მათი სიმრავლე უარყოფით აისახება ტრანზაქციების რაოდენობაზე. ზრდის, როგორც გასაყიდი ასევე გასაქირავებელი ბინის ფასს. აღსანიშნავია, ისიც, რომ ის რუსი მაკლერები ძირითადად ყიდიან ბინებს, რომლებიც საკმაოდ ძვირი და რთულად ხელმისაწვდომია", - განაცხადა ნინო პეტრიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა რუსი მიგრანტების რაოდენობა, რის გამოც თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ბინის ქირაზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. TBC Capital-ის მიმდინარე წლის პროგნოზით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 7.1%-ით, გასაქირავებელი ფასი კი 10.4%-ით გაიზრდება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით.