LIVE

TBC Capital-ი წელს თბილისში ბინის ქირის 53%-ით გაძვირებას პროგნოზირებს

28 მარ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
TBC Capital-ი წელს თბილისში ბინის ქირის 53%-ით გაძვირებას პროგნოზირებს

TBC Capital-ი წელს თბილისში ბინის გასაქირავებელი ფასის 53%-ით ზრდას პროგნოზირებს. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 21%-ით მოიმატებს ბინის გაყიდვის ღირებულება.

„ჩვენი განახლებული პროგნოზით, წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაყიდი ფასი 2023 წელს 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება.

იმავე პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 7.1%-ით, გასაქირავებელი ფასი კი 10.4%-ით გაიზრდება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით“, - აღნიშნულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში.

TBC Capital-ის მონაცემებით, თბილისში, თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასაქირავებელი ბინის ფასი 125%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ს საშუალო ღირებულება 13.1 დოლარი იყო.

თებერვალში წლიურად 30%-ით გაიზარდა ბინის გასაყიდი ფასი და კვ.მ-ზე საშუალოდ 1 136 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა რუსი მიგრანტების რაოდენობა, შედეგად განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში ბინის ქირაზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. ასევე მოიმატა უძრავი ქონების ღირებულებამ. ეროვნული ბანკის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში დეველოპერულ კომპანიებს უძრავ ქონებაზე ფასის მატების საშუალებას აძლევს გაზრდილი მოთხოვნა, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირების მხრიდან.