LIVE

უნგრეთი არამეგობრულ ქვეყნებშია, მაგრამ დიალოგის არხები ღია რჩება - რუსეთის ელჩი

30 მარ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
უნგრეთი არამეგობრულ ქვეყნებშია, მაგრამ დიალოგის არხები ღია რჩება - რუსეთის ელჩი

უნგრეთი რუსეთის არამეგობრულ ქვეყნებშია, მაგრამ დიალოგის არხები ღია რჩება, - ამის შესახებ უნგრეთში რუსეთის ელჩმა ევგენი სტანისლავოვმა RIA Novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა

მისივე თქმით, უნგრეთის არამეგობრული ქვეყნების ჩამონათვალში ყოფნის მიზეზი, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაა. 

"ბუდაპეშტი აჩვენებს პრაგმატულ პოზიციას და არ აპირებს დათმობას ევროკავშირისა და ნატოს მოკავშირეების ზეწოლის მიუხედავადაც კი", - განაცხადა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.

ელჩის თქმით, უნგრეთის პოლიტიკა საკუთარი ინტერესების დაცვის სურვილს ეფუძნება; ამავდროულად, ქვეყანა განიცდის უკრაინის კრიზისისა და ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების უარყოფით შედეგებს.

მისი თქმით, სანქციები სულ უფრო უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, კულტურასა და ადამიანურ ურთიერთობებზე.

"ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ამ ფონზეც კი ვაგრძელებთ უნგრეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისა და დიალოგის არხების გახსნას, რათა შევინარჩუნოთ, ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი პოზიტიური გამოცდილება", - აღნიშნა სტანისლავოვმა.

რუსეთის მკაცრი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, უნგრეთი ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, რომელიც სანქციებს ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას. 

აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ენერგიის უდიდეს ნაწილს რუსეთისაგან იღებს. 2021 წელს უნგრეთსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა 15-წლიან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, უნგრეთი ყოველწლიურად 4.5 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის რუსულ გაზს მიიღებს. რუსული გაზი უნგრეთს Turkstream-ის გაზსადენით, ბულგარეთისა და სერბეთის გავლით, მიეწოდება. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ გუშინ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე.

მსგავსი განცხადება გააკეთა წლის დასაწყისში უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმაც და დააანონსა, რომ უნგრეთი რუსეთის ბირთვულ ენერგიაზე ევროკავშირის სანქციებს ვეტოს დაადებს. 

უნგრეთს, რომელიც ევროკავშირის წევრია, უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არაერთხელ გაუკრიტიკებია. უცხოური მედია წერდა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცების ერთ-ერთი შემაფერხებელი იყო უნგრეთის მოთხოვნა, ამოეღოთ რამდენიმე რუსული სახელი შავი სიიდან.

რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია გასულ წელს დაამტკიცა. მასში საქართველო შესული არ არის.