
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიარტოსა, და რუსეთის ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც Reuters-ი წერს, მხარეებმა უნგრეთში რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდების, ასევე ბირთვული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
სიარტოს განცხადებით, ნოვაკმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთი მაინც შეძლებს "თურქული ნაკადის" გაზსადენზე (Turkstream) ტექნიკური სამუშაოების შესრულებას: “შესაბამისად, უნგრეთი გაზს შეუფერხებლად მიიღებს”,- ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
2021 წელს უნგრეთსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა 15-წლიან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, უნგრეთი ყოველწლიურად 4.5 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის რუსულ გაზს მიიღებს. რუსული გაზი უნგრეთს Turkstream-ის გაზსადენით, ბულგარეთისა და სერბეთის გავლით, მიეწოდება.
რუსეთის მკაცრი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, უნგრეთი ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, რომელიც სანქციებს ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას. სიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე. მსგავსი განცხადება გააკეთა წლის დასაწყისში უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმაც და დააანონსა, რომ უნგრეთი რუსეთის ბირთვულ ენერგიაზე ევროკავშირის სანქციებს ვეტოს დაადებს. უნგრეთს, რომელიც ევროკავშირის წევრია, უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არაერთხელ გაუკრიტიკებია. უცხოური მედია წერდა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცების ერთ-ერთი შემაფერხებელი იყო უნგრეთის მოთხოვნა, ამოეღოთ რამდენიმე რუსული სახელი შავი სიიდან.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ენერგიის უდიდეს ნაწილს რუსეთისაგან იღებს. ამჟამად იგი მუშაობს ქალაქ პაკსში ატომური ელექტროსადგურის გაფართოების პროექტზე, რომელშიც ჩართული არიან ბირთვული ენერგიის მწარმოებელი რუსული კომპანია Rosatom, ფრანგული Framatome და გერმანული Siemens Energy. რუსული მხარე უნგრეთს ორი ახალი რეაქტორის აშენებას ჰპირდება, რომლებიდანაც თითოეული 1.2 გიგავატის ენერგიას გამოიმუშავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უარყოფითად არის განწყობილი გერმანული მხარე, რომელიც პაკსში ახალი რეაქტორებისთვის რუსული საკონტროლო აღჭურვილობის მიწოდებას ბლოკავს.