LIVE

უნგრეთი რუსეთის ბირთვულ ენერგიაზე ევროკავშირის სანქციებს ვეტოს დაადებს

27 იან 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
უნგრეთი რუსეთის ბირთვულ ენერგიაზე ევროკავშირის სანქციებს ვეტოს დაადებს

უნგრეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მედიას განუცხადა

უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ სანქციები ბირთვული ენერგიის რუსულ სახელმწიფო კომპანია Rosatom-ზეც გავრცელდეს. უნგრეთი, რომელსაც რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური აქვს და მის გაფართოებას სწორედ Rosatom-თან ერთად გეგმავს, ამ შეთავაზებას ბლოკავს.

ორბანმა ინტერვიუში გაიმეორა, რომ ბირთვულ ენერგიაზე სანქციებს "უდავოდ ვეტო უნდა დაედოს".

"არ დავუშვებთ, რომ სანქციების განხორციელების გეგმა ბირთვულ ენერგიაზე გავრცელდეს. ეს გამორიცხულია", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა. 

უნგრეთში ატომური ელექტროსადგური Paks, რომელსაც ოთხი პატარა რუსული რეაქტორი აქვს, 80-იან წლებში ამუშავდა. ამჟამად უნგრეთის ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარი სწორედ აქ გამომუშავდება. სადგური ბირთვულ საწვავს რუსებისგან იღებს.

2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უნგრეთს Paks სადგურის გაფართოება ასევე რუსული წარმოების ორი VVER რეაქტორით სურს. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთს Rosatom-სთვის სანქციები არ დაუწესებია. 

უნგრეთს, რომელიც ევროკავშირის წევრია, მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ბლოკის სანქციები არაერთხელ გაუკრიტიკებია.