LIVE

გაზრდილი მოთხოვნა, დეველოპერების გაზრდილი ხარჯები - რა აძვირებს ბინებს?

21 თებ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 577
გაზრდილი მოთხოვნა, დეველოპერების გაზრდილი ხარჯები - რა აძვირებს ბინებს?

ეროვნული ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში დეველოპერულ კომპანიებს უძრავ ქონებაზე ფასის მატების საშუალებას აძლევს გაზრდილი მოთხოვნა, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირების მხრიდან.

კვლევაში, სადაც უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის 2022 წლის 11 თვის მონაცემებია გაანალიზებული, აღნიშნულია, რომ ფასის ზრდის კიდევ ერთი ფაქტორი გაძვირებულია მშენებლობაა. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი დაქირავებულთა ხელფასებმა და სამშენებლო მასალებმა შეიტანა.

„საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას აქვს რამდენიმე ფუნდამენტური საფუძველი, როგორც მოთხოვნის ისე მიწოდების მხრიდან. დეველოპერულ კომპანიებს ფასის ზრდის საშუალებას აძლევს გაძლიერებული მოთხოვნა, რომელიც მოდის როგორც რეზიდენტებიდან ასევე არარეზიდენტებიდან. გაზრდილია გზავნილები, საშუალო ხელფასი და მშპ ერთ სულ მოსახლეზე. საქსტატის თანახმად დეველოპერული კომპანიებისთვის მიმდინარე წელს გაზრდილია თვითღირებულებაში შემავალი ხარჯები. დოლარში გამოსახული ფასების ზრდას ხელი შეუწყო ასევე ლარის კურსის გამყარებამ, ლარში გამოსახული ისტორიული შემოსავლის შესანარჩუნებლად დეველოპერებმა გაზარდეს დოლარში გამოხატული ფასი“, - აღნიშნულია კვლევაში.

ეროვნული ბანკის თანახმად, ხელფასი, რომელიც ქონების შეძენისას მნიშვნელოვანი წყაროა, არა მხოლოდ ლარში, არამედ  დოლარშიც მზარდია. სებ-ის შეფასებით, ლარის გამყარებასთან ერთად დოლარში გამოსახული ხელფასი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ლარში.

კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი, რაც უძრავი ქონების შეძენის პროცესში მნიშვნელოვანია, გზავნილებია. ბოლო პერიოდში კი გზავნილების მაღალი ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი რუსეთია.

„რუსეთიდან გზავნილების ადრესატები სავარაუდოდ საქართველოში მიგრირებული რუსები არიან, ამიტომ ეს ზრდა რეზიდენტების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნაზე იგივე ეფექტით ვერ იმოქმედებს. რუსეთის მოქალაქეების მიერ ნასყიდობის ტრანზაქციებში მონაწილეობა კი გაზრდილია, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე თვითონ გზავნილები რუსეთიდან", - აღნიშნულია კვლევაში.

ეროვნული ბანკი უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის თანახმად, 2022 წლის 11 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ თბილისში სახლის/ბინის გაყიდვები ძირითადად (86%) საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა, რუსეთის მოქალაქეების წილი კი 2.5% იყო.