
საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანია Aramco-მ გასულ წელს $161 მილიარდის მოგება მიიღო, რაც კომპანიისთვის ყველა დროის მაქსიმუმია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 46.5%-ითაა გაზრდილი. კომპანიის მოგების მასშტაბური ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, ენერგორესურსების გაზრდილ ფასებს უკავშირდება.
ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი ახლა ბარელზე, დაახლოებით, $82-ია, თუმცა მარტში $120-ს გადააჭარბა.
Apple-ის შემდეგ, Aramco მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.
Amnesty International-ის გენერალური მდივნის, აგნეს კალამარის თქმით, შოკისმომგვრელია, როდესაც კომპანიას, რომლის საქმიანობა კლიმატის კრიზისის უდიდესი მამოძრავებელია, ასეთი დიდი წლიური მოგება აქვს.
გასულ წელს ამერიკულმა ExxonMobil-მა $55.7 მილიარდი გამოიმუშავა, ბრიტანულმა Shell-მა კი - $39.9 მილიარდი.