
რუსულმა Tinkoff Bank-მა, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული, საქართველოში უცხოური ვალუტის გადმორიცხვები შეაჩერა, თუმცა აცხადებს, რომ შეზღუდვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ვრცელდება.
რუსული მედია წერს, რომ საქართველოში გადმორიცხვების დროებით შეჩერების მიზეზი კორესპონდენტი ბანკის მიერ გადარიცხვების დამუშავებაზე უარის თქმა გახდა.
ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნებისმიერი ვალუტის გადარიცხვაა შესაძლებელი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ბანკი მომხმარებელს ურჩევს თანხის რუბლში გადარიცხვას, კონვერტაციისას დამატებითი ხარჯების თავიდან არიდების მიზნით.
აქვე აღნიშნულია, რომ დოლარის და ევროს საზღვარგარეთ გადარიცხვა ბანკების შეზღუდულ რაოდენობაშია შესაძლებელი. კერძოდ, დოლარის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ზოგიერთ ბანკში. ევროს გადარიცხვა კი, ჩინეთისა და უზბეკეთის ზოგიერთ ბანკებში.
Tinkoff Bank-ი ევროკავშირის სანქციების ქვეშ თებერვლის ბოლოს, რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ომის წლისთავზე დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტის ფარგლებში მოექცა. ბანკის მობილური აპლიკაცია უკვე წაშლილია Apple-ის App Store-დან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა და გადმორიცხვები მკვეთრად გაიზარდა. შსს-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში რუსეთის 1 459 541 მოქალაქე შემოვიდა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი (1 405 552 ადამიანი) საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა. ამასთან, 2022 წელს რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წლიურად 5-ჯერ გაიზარდა და ჯამში რუსეთის ფედერაციიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მიერ მიღებული მთლიანი გზავნილების 47.29% იყო. გაზრდილია ქართულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებიც. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია.
საგულისხმოა, რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით გაზრდილმა ფულადმა ნაკადებმა ნაწილობრივ არალეგალური სახე მიიღო. ამას მოწმობს საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ გასულ თვეში გავრცელებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოში მოქმედი ბანკების მომხმარებლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცნობი პირები პირად საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ თანხას (ძირითადად რუსეთიდან) და სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ. ეს ქმედება კი შესაძლოა, მოქალაქის ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს.